რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის ცალკე თანამდებობის შექმნის გადაწყვეტილება შეიცვალა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდაპირველი გეგმით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოსტი უნდა გაუქმებულიყო და მის ნაცვლად რეგიონული პოლიტიკის საკითხებში ახალი თანამდებობა შექმნილიყო. თუმცა ეს პოზიცია აღარ შეიქმნება.
პაპუაშვილის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანწილად უკავშირდება მამუკა მდინარაძის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. სწორედ მდინარაძის პოლიტიკური გამოცდილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით იგეგმებოდა ახალი თანამდებობის შექმნა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადებით, რეგიონული მიმართულებით სხვადასხვა უწყების კოორდინაციის აუცილებლობა კვლავ არსებობს, თუმცა ამ ფუნქციისთვის ცალკე სახელმწიფო მინისტრის პოზიციის შექმნა აღარ იგეგმება.
ამასთან, შალვა პაპუაშვილი არ გამორიცხავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების კვლავ გაერთიანებას. მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
პაპუაშვილის ინფორმაციით, მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილ ცვლილებებზე პარლამენტი სავარაუდოდ მომდევნო სასესიო კვირაში იმსჯელებს.

