პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულია კანონპროექტი, რომელიც საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების წესს ცვლის და მაღალი თანამდებობის პირების მოადგილეებისთვის სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობას კვლავ აღადგენს.
ცვლილებები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შედის და შეეხება როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტების ვიცე-მერებს.
მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრებს, მერებს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს დანამატებისა და პრემიების მიღება შეზღუდული აქვთ. თუმცა, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოადგილეების შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის რისკი ნაკლებია, რადგან მათ გადაწყვეტილებებს უშუალოდ ზემდგომი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.
ინიციატორები განმარტავენ, რომ უწყებებში სხვა თანამშრომლებზე დანამატები და პრემიები უკვე გაიცემა, მაშინ როცა მოადგილეები, რომლებზეც მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და მმართველობითი პასუხისმგებლობა მოდის, ამ მექანიზმის მიღმა რჩებიან. მათი თქმით, ცვლილების მიზანია მოადგილეების შრომის მატერიალური სტიმულირება და მათთვის სხვა თანამშრომლებთან თანაბარი პირობების შექმნა.
კანონპროექტის მიხედვით:
- ერთჯერადი სახელფასო დანამატი თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს;
- წლის განმავლობაში მიღებული დანამატის საერთო მოცულობა წლიური ანაზღაურების 20%-ზე მეტი ვერ იქნება;
- ფულადი ჯილდოს (პრემიის) წლიური ზღვარი კი სარგოს 10%-ით განისაზღვრება.
დანამატისა და ჯილდოს გაცემა ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით და ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში მოხდება.


