2024 წლის სექტემბერში 20 წლის მარი ანანიძემ ბათუმში, ხოზრევანიძის კლინიკაში, ცხვირის გეგმიური ოპერაცია ჩაიტარა. პროცედურა პოლიპების ამოღებას, ხრტილის გასწორებასა და რინოპლასტიკას მოიცავდა. თუმცა, ოპერაციის შემდგომ ახალგაზრდა ქალი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა და ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.
ოჯახის ინფორმაციით, მარი ანანიძე ოპერაციამდე სამედიცინო შემოწმებებს სრულად დაექვემდებარა, ოპერაციამდე სამი დღით ადრე ჩატარებული ანალიზების საფუძველზე კი, იგი ჯანმრთელად ჩაითვალა. მამის თქმით, ოპერაციიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ პაციენტს გული გაუჩერდა, თუმცა მომხდარის შესახებ მათ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ აცნობეს.
„გვამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. დაუზიანეს ტვინის ქერქი, რამაც გამოიწვია კომატოზური მდგომარეობა. თავიდან იმდენად კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, რომ სხვა კლინიკაში გადაყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა,“ — აცხადებს მარის მამა, მურად ანანიძე.
მარი ანანიძე ხოზრევანიძის კლინიკაში დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა, ოჯახის თქმით, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. ექიმების დაპირებების მიუხედავად, ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, რის შემდეგაც ოჯახმა პაციენტის სტამბოლში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
სტამბულში პაციენტის მკურნალობა მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ფინანსური დახმარება, ოჯახის თქმით, მკურნალობის სრულად დაფინანსებას ვერ ფარავს. მარი ანანიძის მშობლები ხოზრევანიძის კლინიკის მხრიდან შესაძლო პროფესიული გადაცდომის ფაქტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თურქი ექიმების შეფასებებიც სწორედ ამას ადასტურებს.
„აქ ჩამოვიყვანეთ ინფექციებით, ეს აჩვენა ანალიზებმა. ამ ეტაპზე ეს პრობლემა მოგვარებულია. აქ ექიმები გვეუბნებიან, გაფუჭებულ საქმეს ახლა ვასწორებთო,“ — აცხადებს პაციენტის დედა, ირმა გიორგაძე სატელეფონო საუბრისას სტამბულიდან.
ოჯახის თქმით, ხოზრევანიძის კლინიკისგან სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაზე უარი მიიღეს. სწორედ ამიტომ მათ ადვოკატის დაქირავება და სამართლებრივი პროცესის დაწყება არჩიეს. ოჯახი ასევე მიმართავს საქართველოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რათა დაიწყოს მოკვლევა ექიმების შესაძლო დაუდევრობასა და გადაცდომებზე.
„მოვითხოვთ, კლინიკამ აიღოს პასუხისმგებლობა და დაფაროს იმ შეცდომის შედეგები, რაც მათ დაუდევრობას მოჰყვა,“ — აცხადებს ოჯახი.
“აჭარა თაიმსი” კომენტარისთვის დაუკავშირდა ხოზრევანიძის კლინიკას, თუმცა სატელეფონო ზარსა და შეტყობინებაზე არ გვიპასუხეს.
აქვე დაგაინტერესებთ: ხოზრევანიძის კლინიკის დირექტორი, ელდარ ხოზრევანიძე, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ფინანსური შემწირველია. საჯარო რეესტში არსებული მონაცემების მიხედვით, მან 2025 წლის 18 ივნისს „ქართულ ოცნებას“ 40 ათასი ლარი შესწირა. ამავე კლინიკის 25% მფლობელმა ირაკლი ხოზრევანიძემ, ელდარის ძმამ კი, ამავე დღეს, “ქართულ ოცნებას” 20 ათასი ლარი შესწირა.



