2012 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არჩევნების წინ მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას აღარ დააკვირდება. შესაბამისად, ორგანიზაცია წელს ვერ შეაფასებს მედიასაშუალებების საქმიანობას პოლიტიკური მიკერძოების გამოსავლენად და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად.
ქარტიის განცხადებით, მიზეზი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონები და მედიის მიმართ გატარებული დამაზიანებელი პოლიტიკაა, რის შედეგადაც ორგანიზაციამ დაკარგა წვდომა დასავლელი დონორების ფინანსურ მხარდაჭერაზე. სწორედ ამ დახმარებით ახორციელებდა ქარტია წლების განმავლობაში მასშტაბურ და კომპლექსურ მედიამონიტორინგს.
ორგანიზაციის შეფასებით, მედიაკონტენტის მონიტორინგი არა მხოლოდ არჩევნების სამართლიანობის შესაფასებლად წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, არამედ თავად მედიასაშუალებებსაც აძლევს საშუალებას, დაინახონ საკუთარი შეცდომები და მოახდინონ მათი გამოსწორება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საარჩევნო კონტენტის მონიტორინგი პირველად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განახორციელა, ხოლო ბოლოს – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. წინა, 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე, ქარტია აკვირდებოდა ახალი ამბების გაშუქებას და პოლიტიკურ ტოკშოუებს ექვს ნაციონალურ ტელევიზიაში და ცხრა ონლაინ მედიასაშუალებაში.
ამ ეტაპზე ქარტია მხოლოდ საბაზისო ფუნქციებს ინარჩუნებს, მათ შორის მოქალაქეთა განცხადებების განხილვას პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე. თუმცა ორგანიზაცია ვეღარ ახერხებს პროექტების განხორციელებას და საზოგადოებისა და ჟურნალისტური თემისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას.



