ბათუმში, გიორგი ბრწყინვალისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინთან, მიწის გასხვისების გამო კომერციული ობიექტების მფლობელები აცხადებენ, რომ მათ საქმიანობას საფრთხე შეექმნა და ფაქტობრივად იზოლაციაში ექცევიან.
მათი თქმით, სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში ბათუმის მერიამ მიწის ნაკვეთი ისე გაასხვისა, რომ მომიჯნავე მესაკუთრეები არ გაუფრთხილებია. მეწარმეები ამბობენ, რომ ტერიტორიის გასხვისების შემდეგ მათ ობიექტებთან მისასვლელი გზა აღარ რჩებათ, რაც ბიზნესის ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის.
კომერციული ფართების მფლობელები აცხადებენ, რომ მიწის ახალი მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები არიან. მათი თქმით, ოფიციალურ დოკუმენტებში სხვა პირი ფიგურირებს, თუმცა პროცესში გავლენიანი ჩინოვნიკებისა და მმართველ პარტიასთან დაახლოებული ადამიანების ინტერესები იკვეთება. მოქალაქეების განცხადებით, მათზე ზეწოლა და მუქარაც ხორციელდება. ისინი ამბობენ, რომ საუბარია როგორც მაღაზიების დაწვის, ასევე საკუთრების იძულებით დათმობის მუქარაზეც.
ერთ-ერთი პირი, რომელსაც ადგილობრივები მუქარასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ, ბექა თვალაძეა. საჯარო მონაცემების მიხედვით, ბექა თვალაძემ „ქართულ ოცნებას“ ორჯერ, ჯამში 43 000 ლარი შესწირა. „აჭარა თაიმსი“ ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამ ეტაპზე, მიწის ნაკვეთი ოფიციალურად ბექა თვალაძის სიდედრის სახელზეა რეგისტრირებული.
ადგილობრივები ასევე საუბრობენ ბექა თვალაძის კავშირებზე ბექა მანველიძესთან. მათი ინფორმაციით, მანველიძე ბექა თვალაძის ბიზნესპარტნიორია. საჯარო მონაცემებით, ბექა მანველიძესაც „ქართული ოცნებისთვის“ 40 000 ლარი აქვს შეწირული.
ამასთან, ბექა მანველიძე მოქმედი მაღალჩინოსნის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ძმაა. მათი მამა, ბაგრატ მანველიძე, წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკი და ბათუმის ვიცე-მერი იყო.
გიორგი და ბექა მანველიძეებთან დაკავშირება ვერ შევძელით. იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოზიციის დაფიქსირებას ისურვებენ, „აჭარა თაიმსი“ მზად არის, ბრალდებების საპასუხოდ მათ შესაბამისი სივრცე დაუთმოს.
კომერციული ობიექტების მფლობელები აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ გავლენიანი ჯგუფები მოქმედებენ და მიზანი მათი საკუთრების იძულებით დათმობინებაა. მათი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულმა გადაწყვეტილებამ ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან ობიექტებთან თავისუფალი წვდომის გარეშე ბიზნესის გაგრძელება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
ერთ-ერთი კომერციული ობიექტის მფლობელი, ანზორ ძირკვაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, აცხადებს, რომ აქამდე მედიასთან საუბრისგან თავს იკავებდა, რადგან არ სურდა საზოგადოებას გაეგო, როგორ ექცეოდა მისივე არჩეული ხელისუფლება.
„ორი წელია დავა გვაქვს და მედიასთან სასაუბროდ არ მოვდიოდი, სიმართლე რომ გითხრათ, მრცხვენოდა. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ რომ მოხდა. ახლა ბევრი დამცინის, შენ არ იყავი „ოცნების“ მხარდამჭერიო? ამას პირდაპირაც მეუბნებიან. ამიტომ არ ვსაუბრობდი, არ მინდოდა ვინმეს გაეგო, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიე“, – ამბობს ანზორ ძირკვაძე.


