„დინამო ბათუმმა“ საკუთარი აკადემიის ორ აღზრდილთან, გურამ ჯაფარიძესა და გიორგი ფუტკარაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
„თოლიებმა“ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ახალი ხელშეკრულებები 2028 წლის ბოლომდე გააფორმეს. ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს.
„დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილ ორ ნიჭიერ ფეხბურთელთან, გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან, თანამშრომლობის ხელშეკრულებები ოფიციალურად გახანგრძლივდა. შეთანხმების თანახმად, ახალგაზრდა მოთამაშეები კლუბის ღირსებას 2028 წლის ბოლომდე დაიცავენ“, – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
გურამ ჯაფარიძემ „დინამო ბათუმის“ მაისურით პირველი შეხვედრა 2024 წლის 5 ოქტომბერს, „ფოთის კოლხეთის“ წინააღმდეგ გამართა. მას შემდეგ მან კლუბის რიგებში 54 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება გიორგი ფუტკარაძეს, მისი დებიუტი 2023 წლის 28 ნოემბერს, დინამო თბილისის წინააღმდეგ შედგა. „დინამო ბათუმის“ შემადგენლობაში მის ანგარიშზე 44 მატჩი და ერთი საგოლე გადაცემაა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე


