ერთი წელი გავიდა თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიის გავრცელებიდან. საზოგადოებას კი ამ დრომდე არ აქვს პასუხი გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით.
მომხდარის შემდეგ საგამოძიებო უწყებას საზოგადოებისთვის არ განუმარტავს, რა მოხდა რეალურად იმ დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
⇒ „გლოკის“ ტიპის იარაღით სცადა სუიციდი თორნიკე რიჟვაძემ – პროკურატურა
გამოძიების მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავად მიიყენა.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე დაჭრამდე სასტიკად იყო ნაცემი.
მომხდარის შემდეგ რიჟვაძე თავდაპირველად კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მოგვიანებით იგი სამკურნალოდ სტამბულში, შემდეგ კი „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, გერმანიაში გადაიყვანეს.
⇒ ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია
2026 წლის მაისში თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ, „აჭარა თაიმსს“ განუცხადა, რომ მისი შვილი თავს კარგად გრძნობს.
„კარგად და ჯანმრთელად არის. საქართველოში დაბრუნდება და კითხვებს თავად უპასუხებს“, — განაცხადა დავით რიჟვაძემ.
⇒ თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნდება და კითხვებს თავად უპასუხებს – დავით რიჟვაძე
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ამჟამად თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში შვილებთან ერთად იმყოფება, ხოლო მისი მამა დავით რიჟვაძე და მეუღლე, მაგდა მამულაძე, საქართველოში დაბრუნდნენ.
⇒ ბათუმის მერვე საჯარო სკოლამ თორნიკე რიჟვაძის შვილებს მოსწავლის სტატუსი შეუჩერა



