აჭარის პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავეს. უწყების ცნობით, პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღების მიზნით, დაზარალებულის მეგობარსა და დედას დაუკავშირდა.
პროკურატურის განცხადებით, ადვოკატმა მათ შესთავაზა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას მის მიერ უკვე მიწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ფაქტები მიეწოდებინა. სანაცვლოდ კი თანხისა და სხვა ქონებრივი სარგებლის გადაცემას დაჰპირდა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედებით წარედგინა. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართეს.

