ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო წლებში უცხოელი მყიდველების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2021 წელს მეორეულ ბაზარზე უცხოელებზე გაყიდული ბინების 27% მოდიოდა, 2025 წელს მათი წილი უკვე 47%-ს აღწევდა. ამასთან, „Colliers Georgia“-ს შეფასებით, 2025 წელს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების ზრდის დაახლოებით 70% უცხოელი მყიდველების აქტივობაზე მოდიოდა.
ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი მყიდველების როლი უკვე ძალიან დიდია. თუმცა აქვე ჩნდება მნიშვნელოვანი განსხვავება: ბინის შეძენა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ბათუმში ცხოვრობს. ამიტომ მხოლოდ უძრავი ქონების სტატისტიკით შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი უცხოელი დასახლდა ქალაქში.
ამის გასარკვევად დემოგრაფიული მონაცემების დამუშავება დაგვჭირდება, რაც „აჭარა თაიმსმა“ რამდენიმე თვის წინ უკვე გააკეთა და გამოაქვეყნა შესაბამისი სტატია, რომელშიც ჩვენ ვწერდით, რომ აჭარის მოსახლეობის რაოდენობა, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, აჭარის მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია 57 700 ადამიანით. ეს ზრდა განსაკუთრებით ბათუმს დაეტყო, თუმცა ამის მიზეზი ბუნებრივი მატების ზრდა არაა.
ამიტომ ბათუმის დღევანდელი სურათი ორი პარალელური პროცესით ხასიათდება: უცხოელი მყიდველების წილი უძრავი ქონების ბაზარზე თითქმის ნახევარს აღწევს, ხოლო ქალაქის მოსახლეობა იზრდება იმ პირობებში, როცა შობადობა ამ ზრდის ტემპს ვერ უზრუნველყოფს.
ამიტომ უძრავი ქონების ბაზარი მხოლოდ ეკონომიკური საკითხი აღარაა. საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს, რამდენად იცვლება ბათუმის მოსახლეობის სტრუქტურა მიგრაციის ხარჯზე. ჩვენ ამ თემის ჩასაღრმავებლად რესურსი არ გვეყოფა. ამიტომ მხოლოდ იმ მონაცემებს გაგაცნობთ, რომლებიც საკითხის კვლევისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.
ბათუმში 2026 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 12.9%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 6.3%-ით იკლო. ტრანზაქციების რაოდენობა 9.8%-ით მეტია პირველად ბაზარზე, ხოლო მეორეულ ბაზარზე 15.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში, გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, 45%-იან ზრდას აფიქსირებს, ხოლო ქართველი მყიდველების წილი 50%-მდე შემცირდა. ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 83% უცხოელ მყიდველებზე მოდის. იხილეთ გამოქვეყნებული მონაცემები.
ამავე წყაროს მიხედვით, ბათუმში 2026 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი, გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, 14.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,360 აშშ დოლარი შეადგინა.ზრდის ძირითადი მამოძრავებელი პირველადი ბაზარი იყო, სადაც მაჩვენებელმა 17.4%-ით მოიმატა, უნდა აღინიშნოს რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას. რაც შეეხება, მეორეულ ბაზარს, აქ საშუალო შეწონილმა ფასმა 11.1%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მოცულობას, შარშანდელთან შედარებით გაზრდილია და ასე გამოიყურება:

დიაგრამის თანახმად, 2025 წლის დასაწყისში ბაზრის მოცულობა თვეში დაახლოებით 55-60 მლნ დოლარი იყო. შემდეგ თანდათან გაიზარდა და დეკემბერში დაახლოებით $111 მლნ შეადგინა, რაც წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2026 წლის პირველი ნახევარი უკვე უფრო მაღალი ნიშნულიდან იწყება, კერძოდ, იანვარში დაახლოებით $74 მლნ და ივლისში უკვე $92 მლნ–ს აღწევს.
ამდენად, გრაფიკიდან ჩანს, რომ 2026 წლის თითქმის ყველა თვეში ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა 2025 წლის შესაბამის პერიოდზე მაღალია, თუმცა ივლისში გამონაკლისია: 2026 წლის ივლისში დაახლოებით $92 მლნ იყო, 2025 წლის ივლისში კი დაახლოებით $98 მლნ.
აქვე საინტერესოა შესაბამისი სფეროს ექსპერტების მოსაზრება, რომ თუ ადრე უცხოელები ბინებს პირველად ბაზარზე ყიდულობდნენ, ახლა მეორეული ბაზრითაც დაინტერესდნენ. „Colliers Georgia“-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი ლეო ჩიქავა ამბობს, რომ ორივე ბაზარზე განსაკუთრებით აქტიური რუსეთის, უკრაინისა და ისრაელის მოქალაქეები არიან.
როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს
ქალაქებში მოსახლეობა იზრდება, სოფლებში კი მცირდება – საქსტატის აღწერის შედეგები ცნობილია
საქსტატის მტკიცებით, წინასწარი მონაცემები, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა 3.9 მილიონია
აჭარაში გასულ წელთან შედარებით 8 500-ით ნაკლები ვიზიტორი ჩამოვიდა

