„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების გზაჯვარედინთან, დანგრეული შენობის ადგილზე კაფე მოაწყვეს. ობიექტი ღია სივრცეშია განთავსებული, ტერიტორია კი სამშენებლო ლითონის კონსტრუქციითაა შემოსაზღვრული.
ადგილზე ეკონომიკური საქმიანობა იმ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელი შენობა იდგა. შენობის პირველ სართულზე გარკვეულ ფართებს ბათუმის მერია ფლობდა. ნაგებობა წლების წინ ხანძრისას დაზიანდა, გასულ წელს კი, თოვლის შედეგად, სრულად ჩამოინგრა.
„აჭარა თაიმსმა“ ბათუმის მერიას მიმართა კითხვით, ვინ დაიწყო დანგრეული შენობის ადგილზე ეკონომიკური საქმიანობა და ჰქონდა თუ არა კაფეს მოწყობას შესაბამისი ნებართვა.
ვიდრე უწყებიდან პასუხს მივიღებდით, „აჭარა თაიმსს“ რამდენიმე პირი დაუკავშირდა და განაცხადა, რომ კაფე სწორედ მათ უკუთვნით. მათი თქმით, ობიექტის მოწყობის ნებართვას ელოდებიან.
პირად საუბარში განმარტეს, რომ ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან თავად გაათავისუფლეს და მანამდე მიტოვებული სივრცე, სადაც, მათი თქმით, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების ბუდეები იყო, კაფედ მოაწყვეს.

პირად საუბარში მათ ასევე გვითხრეს, რომ ნებართვის მიღების პროცესს ერთ-ერთი მეზობლის თანხმობა აფერხებს. მათი მტკიცებით, შესაბამისი პირი უცხოეთში იმყოფება და მისგან ხელწერილის მიღება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ბათუმის მერიის პასუხის მოლოდინში „აჭარა თაიმსში“ დამატებით არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა. საუბრის შინაარსიდან რჩებოდა აღქმა, რომ გარკვეულ პირებს სურდათ, აღნიშნულ საკითხზე მასალა არ მოგვემზადებინა და რომ ეს თემა „უმნიშვნელო იყო“. ხაზგასმით იყო საუბარი კაფის მფლობელების პროევროპულ შეხედულებებსა და მათ წარსულ საქმიანობაზე, რომელიც, მათი თქმით, ქალაქში „დადებითად ფასდება“. ცხადია, „აჭარა თაიმსმა“ აღნიშნული მითითებები არ გაითვალისწინა და საკითხის შესწავლა გააგრძელა.
მოგვიანებით ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ ობიექტი ამ ეტაპზე შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირებს.
„აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში დროებითი ფუნქციონირების საკითხზე შესაბამისი მიმართვაა წარმოდგენილი. ამ ეტაპზე საკითხი განიხილება შესაბამისი პროცედურების ფარგლებში. შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ დამატებით გადამოწმებას და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.
მერიისგან დამატებით ინფორმაციას რამდენიმე დღის განმავლობაში ველოდებოდით, თუმცა უწყებას ობიექტის შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით პასუხი აღარ მოუწოდებია.

