„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, პარტია „ხალხის ძალას“ 28-მა შემწირველმა ჯამში 861 750 ლარი შესწირა. ორგანიზაციის ცნობით, მათგან 21 პირს მანამდე „ქართული ოცნებისთვის“ 1 969 169 ლარი ჰქონდა შეწირული.
კვლევის მიხედვით, სამი ადამიანი ამ დრომდე ორივე პარტიას აფინანსებს. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ქსელის ნაწილია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, შემწირველებს შორის არიან ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაკავშირებული პირები, მათ შორის მისი ძმის, ალექსანდრე ივანიშვილისა და დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორები, ასევე ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული სააქციო საზოგადოებების წარმომადგენლები. ამ ჯგუფის წარმომადგენლებმა „ხალხის ძალას“ 2024-2026 წლებში ჯამში 381 000 ლარი შესწირეს.
ორგანიზაცია ცალკე გამოყოფს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ გენერალურ დირექტორს, არჩილ მამაცაშვილს. კვლევის მიხედვით, მან „ხალხის ძალას“ 2025-2026 წლებში 70 000 ლარი შესწირა, მანამდე კი „ქართულ ოცნებას“ 55 600 ლარი. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, „დაზღვევის კომპანია ქართუს“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 3,5 მილიონ ლარამდე აქვს მიღებული.
კვლევაში ასევე საუბარია გიორგი დამენიაზე, რომელიც ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია. მას „ხალხის ძალისთვის“ 2025-2026 წლებში 120 000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო „ქართული ოცნებისთვის“ 170 000 ლარი.
„ხალხის ძალის“ კიდევ ერთ მსხვილ შემწირველად ორგანიზაცია ირაკლი ბექაურს ასახელებს. მისი 2026 წლის შემოწირულება „ხალხის ძალის“ სასარგებლოდ 60 000 ლარს შეადგენს. მანამდე ბექაურმა „ქართულ ოცნებას“ 327 000 ლარი შესწირა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ბექაური უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის საკუთრებაში არსებული კომპანია Bolero & Company-ის გენერალური დირექტორია.
კვლევის მიხედვით, ვახტანგ კარიჭაშვილის ბიზნესებთან დაკავშირებული პირია ლევან გეწაძეც, რომელმაც „ხალხის ძალას“ 13 000 ლარი შესწირა. ორგანიზაციის ცნობით, გეწაძის მიერ განხორციელებული ეს გადარიცხვა მისი პირველი პოლიტიკური შემოწირულებაა.
კვლევაში ასევე მოხვდა დავით ბალანჩივაძე, რომელსაც „ქართულ ოცნებისთვის“ ჯამში 532 000 ლარი აქვს შეწირული. „ხალხის ძალას“ კი მან 2026 წელს 60 000 ლარი გადაურიცხა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბალანჩივაძის საქმიანობას უჩა მამაცაშვილის ინტერესებთან დაკავშირებულად აღწერს და ამ საკითხზე საგამოძიებო მედიის მასალებსაც უთითებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ სამი შემწირველი — ალექსანდრე ტუშური, მამუკა გოგრიჭიანი და გივი გაბუნია — ორივე პარტიას ამ დრომდე აფინანსებს. მათ 2025 წლის 11 დეკემბერს „ხალხის ძალას“ ჯამში 60 000 ლარი შესწირეს, ხოლო 2026 წლის 18 თებერვალს იგივე თანხა „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხეს.
კვლევაში ასევე მოხვდნენ ყოფილი სახელმწიფო საწარმოს დირექტორი გიორგი მესხი და „საქართველო-ისრაელის ბიზნესჯგუფის“ დირექტორი გურამ თეთრაშვილი. მესხმა „ხალხის ძალას“ 2024 წელს 58 000 ლარი, ხოლო თეთრაშვილმა — 10 000 ლარი შესწირა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, კვლევა ეფუძნება პოლიტიკური შემოწირულებებისა და საჯარო რეესტრის მონაცემებს.

