
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოფიციალურად განაცხადა, რასაც რიგი ოპოზიციური პარტიების მკვეთრი კრიტიკა და მწვავე შეფასებები მოჰყვა.
მათი შეფასებით, კოალიციის ეს გადაწყვეტილება ნაცვლად რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისა, ივანიშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გულისხმობს და აზიანებს საერთო დემოკრატიულ ბრძოლას.
თინა ბოკუჩავა: „ლელოს მორალური სიკვდილი“
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ „ლელოს“ ამ გადაწყვეტილებას ღალატი და „მორალური სიკვდილი“ უწოდა. მისი თქმით, პარტიამ „ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია“, რაც ნიშნავს არა დემოკრატიისთვის ბრძოლას, არამედ „საპატიო მეორე ადგილისთვის გარიგებას“.
ელენე ხოშტარია: „4 პროცენტიანი ლელო საქართველოს ბედს არ განსაზღვრავს“
„ძალიან კარგია სიცხადე! 4 პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები, ისტორიამ განსაჯოს.“
თამარ ჩერგოლეიშვილი: „კოლაბორანტებიც სამიზნე იქნებიან“
ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, განაცხადა, რომ პარტიის მხრიდან დაგეგმილი „არაღიარების კამპანიის“ სამიზნე მხოლოდ მმართველი რეჟიმი კი არა, არამედ ის პოლიტიკური ჯგუფებიც იქნებიან, ვინც მასთან თანამშრომლობას ირჩევს.
თავისუფლების მოედანი: არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკურ რისკს ქმნის
კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა მოძრაობა „თავისუფლების მოედანმაც“, რომელმაც „ძლიერი საქართველო“ რამდენიმე თვის წინ დატოვა. პარტია არ ეთანხმება კოალიციის გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობაზე და აღნიშნავს, რომ ეს სხვა ოპოზიციური ძალებისთვის პოლიტიკურ რისკს ქმნის. თუმცა, როგორც პარტიის განცხადებაში წერია, ისინი არ აპირებენ ძალები შიდაოპოზიციურ დაპირისპირებაზე დახარჯონ და მეტ ყურადღებას ალტერნატიული, დემოკრატიული პროცესის ფორმირებას დაუთმობენ.
ირაკლი ზარქუა: “თუ მთავრობა არალეგიტიმურია, მაშინ ცესკოს ლეგიტიმურობა საიდან მოდის?”
“ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ირაკლი ზარქუა, ოპოზიციური პარტიების კრიტიკას გამოეხმაურა და მათი განცხადებები წინააღმდეგობრივად შეაფასა. მისი თქმით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს, გაუგებარია, როგორ აღიარებენ იმავე ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებს.
„ისე, კითხვა მაქვა, თუ ყაველაშვილის მიერ ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს ხომ არ იციან ნეტა? პრეზიდენტი ნიშნავს. თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის? მის მიერ დანიშნული ადგილობრივი არჩევნები მაშინ როგორ არის ლეგიტიმური და როგორ ღებულობენ მონაწილეობას? ვის ატყუებენ. არეულები არიან. თარგმანში დაკარგულები კი არა, ქმედებებში დაკარგულები არიან ეს რადიკალები,“ – განაცხადა ზარქუამ.
“ქართული ოცნების” არჩევნებში კოალიცია “ძლიერი საქართველო” მონაწილეობას მიიღებს