ქობულეთელი მედეა ცეცხლაძე საკუთარი საცხოვრებლის გვერდით მიმდინარე მრავალსართულიანის მშენებლობას უკვე წლებია ეწინააღმდეგება. მისი თქმით, მშენებლობა, რომელიც გადამდგარი მერის ლევან ზოიძის ხელმოწერით მიმდინარეობს, მის ოჯახს არა მხოლოდ ყოველდღიურ დისკომფორტს უქმნის, არამედ სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
„არავის ვუსურვებ განცდებში და დათრგუნულ ცხოვრებას, მე ვარ ურთულეს სიტუაციაში. მე მინდა ვიცოცხლო, მატერიალურს არაფერს ვითხოვ,“ – ამბობს მედეა ცეცხლაძე „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას.

ცეცხლაძის თქმით, უსაფრთხოების ნორმები სისტემატურად ირღვევა – კორპუსიდან სამშენებლო ნარჩენები ცვივა, რის გამოც ერთხელ ჩაინგრა მისი სახლის სახურავი და ჭერი. თავად დაზიანებას შემთხვევით გადაურჩა.
„ეს გაუსაძლისი სიტუაცია ჩემს სიცოხლეს უქმნის საფრთხეს. უსაფრთხოების ნორმები იმდენად დარღვეულია, რომ მეცხრე სართულიდან გადმოვარდა რაღაც და ჩამოანგრია სახურავი. არაერთხელ მივმართე ყველას, მოვიწვიე ადგილზე სანახავადაც, მაგრამ ყველა უკომენტაროდ დამტოვა, ალბათ ძალიან კარგად ხედავდნენ უკანონობას. ჩემი საცხოვრებელი გამიხადეს უკანა ეზოდ, სანაგვე ბუნკერად,“ – ამბობს ის.

მედეა ცეცხლაძის საცხოვრებლის გვერდით კორპუსს აშენებს შპს „იდეალ ჰაუსი“. კომპანიის დირექტორი მურმან ჯინჭარაძე ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ დაზიანებული სახურავი უკვე შეაკეთეს – ეს მას შემდეგ, რაც „აჭარა თაიმსმა“ ამ მასალაზე მუშაობა დაიწყო.
ჯინჭარაძე ასევე ადასტურებს, რომ მისი კომპანია ქობულეთის მერიამ 30 ათასი ლარით დააჯარიმა, თუმცა ამბობს, რომ არ ახსოვს კონკრეტულად რის გამო. კომპანიის დირექტორი მიიჩნევს, რომ მერიას არ ჰქონდა ჯარიმისთვის საკმარისი საფუძველი და გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.
მისივე მტკიცებით, მშენებლობაზე ყველა უსაფრთხოების წესი დაცულია, ხოლო ნებართვა კანონიერად მიღებულია. თუმცა, კითხვებზე დეტალურად პასუხის გაცემის ნაცვლად, ჯინჭარაძემ თავდაპირველად იურისტის ჩართულობა შემოგვთავაზა, მოგვიანებით კი თავად დაგვიკავშირდა, მოითხოვა დრო მოსამზადებლად და მას შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოსულა.
საინტერესოა, რა საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა ყოფილი მერის მიერ და გამოიკვლია თუ არა მერის მოვალეობის მოქმედმა შემსრულებელმა ამ ნებართვის კანონიერება. ასევე გაურკვეველია, რატომ არ რეაგირებს ქობულეთის მუნიციპალიტეტი მედეა ცეცხლაძის მოთხოვნაზე, რომელიც უფლებების დაცვასა და პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას ეხება. მერიაში ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არავის გაუცია.



