იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის პოზიცია და გააუქმა პატიმრების სხეულის მთლიანად გაშიშვლების პრაქტიკა სრული შემოწმების მიზნებით, ინფორმაციას ამის შესახებ თავად საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.
აპარატის ცნობით, 2025 წლის 5 თებერვალს მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური სარჩელით, რომლის ფარგლებშიც სადავოდ იქცა №2, №3, №6, №8, №11, №14, №15, №16, №17 და №18 პენიტენციური დაწესებულებების დებულებების ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებდა ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სხეულის სრულად გაშიშვლებას შემოწმების დროს.
სარჩელის მიხედვით, აღნიშნული პრაქტიკა შესაძლოა ჩაითვალოს ადამიანის ღირსების შემლახავ და არასათანადო მოპყრობის რისკის შემცველ მექანიზმად. სახალხო დამცველმა წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართა იუსტიციის მინისტრს რეკომენდაციით, გადაეხედა დებულებებს და აღმოეფხვრა ეს არაჰუმანური პრაქტიკა, თუმცა ისინი აქამდე არ იყო გათვალისწინებული.
როგორც სახალხო დამცველი იტყობინება, საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის შემდეგ, 2025 წლის 11 ივნისს იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს ოფიციალურად აცნობა, რომ მინისტრის 10 ივნისის ბრძანებებით სადავო დებულებებში შესაბამისი ცვლილებები შევიდა და პატიმრების სრულად გაშიშვლების მოთხოვნა ამოღებულ იქნა.
“საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ამ ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება წარმოადგენს მის მოთხოვნაზე რეაგირებასა და პატიმართა უფლებების დაცვისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. შესაბამისად, სახალხო დამცველი უკვე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება, ღია დიალოგი და სამართლებრივი გზებით მათი დაძლევა ადამიანის უფლებების დასაცავად,” – წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



