სახალხო დამცველმა გადაწყვეტილება მიიღო ჟურნალისტ გიგა გელხვიიძის მიმართ ჟურნალისტ ქეთი ბოლქვაძის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადების ფაქტზე.
საქმე ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში 2025 წლის 14 იანვარს პირდაპირი ეთერის დროს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ჟურნალისტმა ორჯერ გამოიყენა ჰომოფობიური ტერმინი.
საქმის განხილვის შემდეგ, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო სათანადო რეაგირება სიძულვილის ენის გამოვლინებაზე და ვერ გამოიყენა დროული და შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი მექანიზმები, რაც საჭირო იყო როგორც გელხვიიძის უფლებების დასაცავად, ისე ჰომოფობიური შინაარსის განმეორების თავიდან ასარიდებლად.
სახალხო დამცველმა მიმართა ზოგადი წინადადებით მაუწყებლის დირექტორს ვლადიმერ ტატიშვილს, რომელშიც მითითებულია:
- განხორციელდეს კანონშესაბამისი და მიუკერძოებელი მოკვლევა სიძულვილის ენის გამოვლენის ყველა მსგავს ფაქტზე;
- ჩატარდეს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების აქტივობები, მათ შორის, თანასწორობისა და სიძულვილის ენის პრევენციის თემებზე;
- ჟურნალისტ ქეთი ბოლქვაძეს განემარტოს, რომ მომავალში თავი შეიკავოს ჰომოფობიური და დამამცირებელი გამონათქვამებისგან.
გიგა გელხვიიძის საჩივრის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატმა მოითხოვა ქეთი ბოლქვაძის წერილობითი ახსნა-განმარტება, თუმცა ჟურნალისტმა მისი წარდგენისგან თავი შეიკავა. მაუწყებელმა საჩივარი ფორმალურად არ განიხილა, რაც განმცხადებლის შეფასებით, არღვევს ტელევიზიის ეთიკურ და სამართლებრივ ვალდებულებებს.
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს მაუწყებელთა თანამშრომელთა განათლების პროცესში და წარადგინოს რეკომენდაციები დისკრიმინაციის პრევენციის საკითხებზე.



