შუახევის სპორტულ ცენტრში, გაიმართა ქართულ ჭიდაობაში ნოშრევან დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2010-2011 წლებში დაბადებული სპორტსმენები სხვადასხვა რეგიონიდან.
ტურნირში, ადგილობრივ მოჭიდავეებთან ერთად, იასპარეზეს ხაშურიდან, ქარელიდან, ცაგერიდან და ოზურგეთიდან ჩამოსული წარმომადგენლები. ახალგაზრდა სპორტსმენებმა ერთმანეთში ძალები რვა წონით კატეგორიაში გაიზომეს: 35 კგ, 40 კგ, 45 კგ, 50 კგ, 55 კგ, 60 კგ, 66 კგ და +66 კგ.
ღონისძიების მიზანი იყო არა მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენა, არამედ ქართული ტრადიციული სპორტის პოპულარიზაცია და მოჭიდავე თაობის წახალისება. ტურნირმა მეგობრული და ჯანსაღი კონკურენციის ატმოსფეროში ჩაიარა, მონაწილეები კი დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით.
ნოშრევან დავითაძე ადგილობრივ სპორტულ საზოგადოებაში ქართული ჭიდაობის ერთ-ერთ გამორჩეულ მოჭიდავად და პოპულარიზატორად არის ცნობილი. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მომავალშიც ყოველწლიურად ჩატარდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



