ბათუმის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს პროექტს, რომელიც ქალაქში „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკების განთავსებას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, ქანდაკება იაკობ გოგებაშვილის ქუჩის სკვერის მიმდებარედ უნდა განთავსდეს და ქართველი მეზღვაურებისა და მათი ოჯახებისადმი პატივისცემისა და მადლიერების გამოხატულება იქნება.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მეზღვაურის პროფესია დაკავშირებულია ხანგრძლივ განშორებასთან, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და პროფესიულ გამოწვევებთან, ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი როლი მეზღვაურების ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით მეუღლეებს, ეკისრებათ.
პროექტის ავტორების შეფასებით, „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკება ერთგულებისა და მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცევა და ხაზს გაუსვამს იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებიც მეზღვაურების საქმიანობაში საკუთარი თანადგომით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.
დოკუმენტის თანახმად, ქანდაკების განთავსება ასევე ხელს შეუწყობს ბათუმის, როგორც საზღვაო და სანავსადგურო ქალაქის, იდენტობის გაძლიერებას. პროექტის მიხედვით, ქანდაკების მოწყობის ხარჯებს თავად მეზღვაურები დაფარავენ და ეს მუნიციპალურ ბიუჯეტზე გავლენას არ მოახდენს.
პროექტის ავტორია ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია.
დაკავშირებული თემები ⇓
საქართველოში პირველად – ნათია ლაბაძეს გემის კაპიტნის წოდება მიენიჭა
საყოველთაო პროტესტს ბათუმელი მეზღვაურებიც უერთდებიან



