„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი ცინცაძე წარადგინა. მის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ცინცაძე და მისი ოჯახი ფლობენ უძრავ და მოძრავ ქონებას, ასევე საბანკო ანგარიშებს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ცინცაძის მეუღლის, რომლის დაბადების ადგილი რუსეთია, საკუთრებაშია კოჯორში მდებარე 600 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე მშენებარე 406,8 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი. ქონება ოჯახმა 2022 წლის ივლისში, ჩუქების ფორმით მიიღო.
მოძრავი ქონებიდან, ჯომიდავას 2023 წლის ოქტომბერში ნასყიდობით შეძენილი ტოიოტას მარკის ავტომობილი აქვს, რომლის ღირებულება 89 628 ლარია.
საბანკო ანგარიშებზე, გიორგი ცინცაძეს და მის მეუღლეს, როზალია ჯომიდავას რამდენიმე მიმდინარე, ანაბრისა და საკრედიტო ანგარიში აქვთ როგორც „საქართველოს ბანკში“, ისე „თი-ბი-სი ბანკში“. დეკლარაციით, ცინცაძის სახელზე ანგარიშებზე ჯამურად არის რამდენიმე ათასი ლარი, თუმცა დაფიქსირებულია საკრედიტო ვალდებულებებიც — მათ შორის 62 739 ლარისა და 8 906 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, 2023 წლის დეკემბერში ცინცაძემ 15 000 ლარის სამომხმარებლო სესხი აიღო, ხოლო ოქტომბერში ავტომანქანის შეძენისთვის 71 700 ლარის ლიზინგის ხელშეკრულება გააფორმა.
2024 წლის განმავლობაში, გიორგი ცინცაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობით 71 990 ლარი მიიღო, ხოლო მეუღლემ — საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მუშაობით 26 216 ლარი.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ცინცაძემ ავტომობილის Mini Cooper S გაყიდვით 7 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო ოჯახმა შვილის სწავლის საფასურის სახით 12 000 ლარი გადაიხადა.



