შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მომხდარი სროლის საქმეზე, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.
გამოძიების თანახმად, 22 ივლისს დაკავებულმა არასრულწლოვანმა მოტოციკლით ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა მეორე პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა კაცის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთ-ერთი ბრალდებული რუსთავში დააკავეს. მეორე პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მასზე კი ძებნა გამოცხადდა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო 9 მასრა, ასევე მოტოციკლი, ჩაფხუტი, ორი წყვილი ხელთათმანი, ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის აქსესუარი, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენისას გამოიყენეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმში ახალგაზრდა კაცს ათამდე ტყვია ესროლეს

