„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ეროვნული ლიგის 25-ე ტურში „თოლიებმა“ 2:0 აჯობეს „იბერია 1999“-ს და ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს.
შეხვედრის პირველი გოლი 62-ე წუთზე მაურიდესმა გაიტანა. ბრაზილიელი თავდამსხმელისთვის ეს პირველი გოლია „თოლიების“ მაისურით საქართველოს ჩემპიონატში.
მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე, „დინამოს“ მეორე გოლი თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა.
„იბერიასთან“ მოგებით „დინამო ბათუმი“ ჩემპიონატის ლიდერ „რუსთავს“ დაეწია. ორივე კლუბს თანაბარი, 43-43 ქულა აქვს.
„თოლიები“ ეროვნული ლიგის მომდევნო, 26-ე ტურში, სტუმრად „გორის დილას“ ეწვევიან. შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

