ხულოს მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს.
უწყების ინფორმაციით, სოფელ გელაურის მკვიდრს საცხოვრებელი სახლის სარდაფში 22 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული.
დეპარტამენტის ცნობით, გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, უკანონო ტყითსარგებლობის პრევენცია და გამოვლენა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ.
უწყების მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 212 ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას, ხოლო 53 სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალურ საქმიანობას უკავშირდება. ამავე პერიოდში აჭარაში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა.

