მიმდინარე წლის იანვრიდან „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა შეწყვიტა, რაც, ირაკლი კობახიძის განმარტებით, „აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო“, რადგან, სინამდვილეში, ამ პროგრამამ 30 000 ადამიანი ფიქტიურად დაასაქმა. პარალელურად, შეიცვალა სოციალური დახმარების მიღების წესები.
მაისში მიღებულ დადგენილებაში წერია: „თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასისი სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე.“
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმება დაიწყო, სოციალურ ქსელში გამოჩნდა არაერთი ინფორმაცია, რომ ოჯახს, რომელიც დახმარებას საჭიროებს, საარსებო შემწეობა აღარ დაერიცხა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ აჭარის მასშტაბით, 2026 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ფულადი შემწეობის მიმღებ პირთა რაოდებობა 13 500-ით შემცირდა.

გაუმჯობესდა, თუ – არა ამდენი ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ აგვისტოში საქართველოში ინფლაცია გაიზარდა. კერძოდ, წინა თვეში წლიურმა ინფლაციამ 5.6%-ს მიაღწია, რაც, ივლისთან მიმართებით, 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ინფლაციაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა საწვავის ფასის ზრდამ (ტრანსპორტის ჯგუფი), სურსათის გაძვირებამ და კომუნალური გადასახადების მატებამ. სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ამ ჯგუფების გარდა, მოქალაქეებს ხარჯები გაეზარდათ შემდეგი მიმართულებით: ჯანდაცვა; დასვენება, გართობა და კულტურა; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო.

