საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვა დღესაც მწვავე პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე გაგრძელდა. მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა ერთმანეთის არგუმენტების გასაბათილებლად წარსულის განსხვავებული შეფასებები წარმოადგინეს, თუმცა პროცესის მნიშვნელოვან ნაწილში დავა მხოლოდ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებს აღარ ეხებოდა, მხარეებმა ერთმანეთის პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხებიც წამოჭრეს.
სხდომის დაწყებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, მხარეებს მოუწოდა, პოზიციები კორექტულად წარმოედგინათ და პირადი შეფასებებისგან თავი შეეკავებინათ. მისი განმარტებით, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ორივე მხარის არგუმენტების მოსმენა და დაუშვებელია, რომ პროცესის მონაწილეთა განცხადებებმა სხდომის ნორმალურ მიმდინარეობას ხელი შეუშალოს.
მოსარჩელე მხარე „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხუთი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მათი აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი სარჩელს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიზანი არა კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვაა.
სასამართლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შეფასებისას ყურადღება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე გაამახვილა.
გორდულაძის განმარტებით, რეზოლუციისთვის მხარდაჭერა, რომელშიც საქართველოსა და რუსეთის სამხედრო ძალების მიერ სამოქალაქო ტერიტორიებზე ძალის გამოყენების საკითხიც იყო განხილული, სახელმწიფო ინტერესების ღალატის ტოლფასია. მან ასევე ისაუბრა 2012 წლის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგების არაღიარებასა და ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობაზე.
მოსარჩელე მხარის პოზიციით, პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც წარსულში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებთან თანამშრომლობენ და მათგან არ ემიჯნებიან, კონსტიტუციური წყობილებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
გორდულაძემ განაცხადა, რომ საკითხი მხოლოდ წარსული მოვლენების შეფასებას არ ეხება და სასამართლომ უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ მსგავსი ქმედებები მომავალშიც განმეორდეს. მისი მტკიცებით, კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად აუცილებელია, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილოს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა შეფასდეს, მათ შორის იმ პოლიტიკური ძალების მიერ წარსული ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისა და მათთან თანამშრომლობის კონტექსტში.
მოსარჩელე მხარის არგუმენტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა უპასუხა. მისი შეფასებით, სარჩელი ფაქტების შერჩევით წარმოდგენასა და მათ პოლიტიკურად მოტივირებულ ინტერპრეტაციას ეფუძნება.
ბიბილაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ერთიან ძალად წარმოჩენას ცდილობს და მათ საერთო პასუხისმგებლობას აკისრებს. მისი თქმით, პოლიტიკური თანამშრომლობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ პარტიები წარსულში მომხდარ ყველა მოვლენაზე ერთნაირად არიან პასუხისმგებელი.
ოპოზიციის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ სარჩელის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე 2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებას უკავშირდება. მისი მტკიცებით, თუ სასამართლო მოსარჩელე მხარის არგუმენტებს გაიზიარებს, გადაწყვეტილება შეიძლება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებად იქნეს აღქმული.
ბიბილაშვილის განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მთელი პარტიისთვის ან სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ერთმანეთისგან განსხვავებული სამართლებრივი საკითხების აღრევაა.
მან ასევე ისაუბრა 2003 წლამდე საქართველოში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე, ადამიანების გატაცებისა და მკვლელობების საქმეებზე და განაცხადა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლების ცვლილებამ ამ დანაშაულების გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება გააჩინა. ბიბილაშვილმა ამ კონტექსტში გაიხსენა კახა კალაძის ძმის, ლევანის გატაცებისა და მკვლელობის საქმეც.
ოპოზიციის წარმომადგენელმა წარსულის პოლიტიკურ შეფასებებთან ერთად მოქმედი ხელისუფლების მიმართაც გამოთქვა პრეტენზიები. მან მოსარჩელე მხარეს ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ ხელისუფლება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან მიმართებით განსხვავებულ კრიტერიუმებს იყენებს.
სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ პროცესის შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციას მოლოდინი არ აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მას სიტყვა შეაწყვეტინა და მიუთითა, რომ მხარეებმა სასამართლოს მიუკერძოებლობის შეფასების ნაცვლად, სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებზე უნდა იმსჯელონ.
რევაზ ნადარაიამ ბიბილაშვილს განუცხადა, რომ მისი განცხადებები სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად შეიძლებოდა აღქმულიყო და მოუწოდა, პროცესის ფარგლებში დასაშვები ფორმები დაეცვა.
ბიბილაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა არ გამოუხატავს. მისი თქმით, ეჭვის საფუძველს ქმნის მაღალი თანამდებობის პირის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქმის ბედი უკვე გადაწყვეტილია და პროცესის დასრულებამდე მხოლოდ რამდენიმე დღე რჩება.
ბიბილაშვილმა კვლავ გააკრიტიკა მოსამართლის, მანანა კობახიძის აცილების საკითხზე სასამართლოს პოზიცია. მისი განმარტებით, კობახიძის წარსული პოლიტიკური საქმიანობა და კავშირები საზოგადოებაში მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენდა. სასამართლომ კი, ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებით, ამ გარემოებებში აცილების საფუძველი ვერ დაინახა.
ბიბილაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის. მისი განცხადებით, სწორედ ეს დოკუმენტია სარჩელის მთავარი მტკიცებულებითი საფუძველი, თუმცა, ოპოზიციის შეფასებით, კომისიის დასკვნა პოლიტიკური შეფასებებითა და ინტერპრეტაციებითაა გაჯერებული და არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის.
ბიბილაშვილის თქმით, მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარედგინა და არა მხოლოდ კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა. მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიის ყველა წევრი პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით იყო არჩეული.
„მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“, – განაცხადა ბიბილაშვილმა და ამ ფორმით შეაფასა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც, მისი მტკიცებით, პარტიების აკრძალვას ითხოვენ.
ამ განცხადებას სხდომის დასრულების შემდეგ არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიბილაშვილმა სასამართლოში არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიას მასალები საგამოძიებო ორგანოებისთვის არ გადაუგზავნია.
გორდულაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი გარემოებების გასაბათილებლად სათანადო მტკიცებულებები არ აქვს. მისი შეფასებით, ბიბილაშვილმა ხანგრძლივი გამოსვლის მიუხედავად, სარჩელში მოყვანილ არგუმენტებს სამართლებრივი პასუხი ვერ გასცა.
მოსარჩელე მხარის არგუმენტებს სხდომის დასრულების შემდეგ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევად შეფასდეს სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ ქარტიაზე ხელმოწერა ან ადგილობრივი არჩევნების დროს გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობაზე შეთანხმება.
ჯაფარიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები პოლიტიკურ მოტივაციას აჩვენებს და პარტიების აკრძალვის მოთხოვნა პოლიტიკური ველის შეცვლას ემსახურება.
მან ასევე უარყო „ლელოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებად წარმოჩენა და აღნიშნა, რომ პარტიის ლიდერებს 2003-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პოლიტიკური თანამდებობები არ ეკავათ. ჯაფარიძემ პარალელი თავად „ქართულ ოცნებასთან“ გაავლო და განაცხადა, რომ მოქმედ ხელისუფლებაში არიან პირები, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ კი უარყო მოსარჩელე მხარის მიერ პარტიის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირება. სიჭინავას განცხადებით, პარტია თავიდანვე აცხადებდა, რომ აღნიშნული მოვლენები დაგეგმილი ავანტიურა და დანაშაული იყო და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, როდესაც პარტიას საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა მიეცემა, მოსარჩელე მხარის ბრალდებებს პასუხს გასცემს.
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.
სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. მოსარჩელე მხარე ითხოვს შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელის ერთ-ერთი თანდართული დოკუმენტი XI მოწვევის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაა.
სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, განხილვა ხვალ, 27 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდება და პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.
ამ დროისთვის სასამართლოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
საქმის განხილვის გაგრძელებასთან ერთად, სასამართლოს მოუწევს შეაფასოს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები, ასევე მოპასუხე მხარის პრეტენზიები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული, რა სამართლებრივ შედეგამდე მივა ხუთი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით დაწყებული პროცესი.
სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა
ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება

