ქობულეთი შუქნიშნის გარეშე, რამდენად უსაფრთხოა ქალაქის ქუჩები და როდის დადგება გადაწყვეტილების დრო? ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ადგილობრივები წლებია სვამენ, თუმცა კონკრეტულ პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.
ქობულეთელების თქმით, შუქნიშნის მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაზრისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ხშირად იქმნება საცობები და ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. ქობულეთი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ამ დროისთვის შუქნიშანი არსად არის დამონტაჟებული.
ტურისტული ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური, რუსთაველის ქუჩა მონაკვეთია, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ავტომობილი და ქვეითი კვეთს. აქ რუსთაველისა და თავისუფლების ქუჩები ერთმანეთს უერთდება და წრიულ მოძრაობას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე საგზაო ნიშნები და ქვეითთა გადასასვლელებია მოწყობილი, შუქნიშანი ამ მონაკვეთზე 1980-იანი წლების შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.

ქალაქის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი აღმაშენებლის ცენტრალური გამზირია, სადაც ამჟამად გზის გამყოფი ზოლისა და წრიული მოძრაობის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიზანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. პროექტის ფარგლებში ამ მონაკვეთზე შუქნიშნის დამონტაჟებაც იგეგმება.
ადგილობრივები ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ შუქნიშნის საჭიროება განსაკუთრებით ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას, სადაც ყოველდღიურად ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობაა.
ქობულეთში პირველი შუქნიშანი გასული საუკუნის 80-იან წლებში, კერძოდ, 1982 წელს დამონტაჟდა. ის რუსთაველის ქუჩისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის რეგულირებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა მალევე შეწყვიტა მუშაობა. მას შემდეგ ქალაქის ამ მონაკვეთებზე შუქნიშნები აღარ ფუნქციონირებს.

დღეს, როდესაც ქალაქში სატრანსპორტო ნაკადი იზრდება და ურბანული განვითარება ახალ გამოწვევებს ქმნის, შუქნიშნების საჭიროებაზე ადგილობრივები კვლავ საუბრობენ. როდის დამონტაჟდება ქობულეთში შუქნიშნები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია?
„ქობულეთის ბაზრის ტერიტორიაზე შუქნიშნის მოწყობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევითი სამუშაოები. დაწყებულია დარგის ექსპერტის ჩართულობა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად მიზანშეწონილია ამ ტერიტორიაზე შუქნიშნის დამონტაჟება. რაც შეეხება სადგურის ტერიტორიას, აქ შუქნიშნის დამონტაჟება ჯერ არ განიხილება“- წლებია, ქობულეთის მერიისგან სწორედ ასეთ პოზიციას ვისმენთ.
რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა
ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს
4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

