წლებია, ქობულეთში საზოგადოებრივი ტუალეტების სანიტარული მდგომარეობა ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი ხდება. მოქალაქეები საუბრობენ დაბინძურებულ შიდა სივრცეზე, მძაფრ სუნზე, დაზიანებულ ინვენტარსა და დასუფთავების არასათანადო სიხშირეზე. პრობლემები განსაკუთრებით თვალსაჩინოა თამარ მეფის ქუჩასა და მერიის შენობის მიმდებარედ არსებულ ობიექტებში.
მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელს საზოგადოებრივი ტუალეტების ნაწილის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 151 196 ლარი გამოიყო, მოქალაქეები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა სათანადოდ არ ხორციელდება. ქობულეთის მერიის მტკიცებით კი, საზოგადოებრივი ტუალეტები ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება.
⇔ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაახლოებით ათი მუნიციპალური საზოგადოებრივი ტუალეტი ფუნქციონირებს. მათი ნაწილი ცენტრალურ ქუჩებსა და სანაპირო ზოლშია განთავსებული, თუმცა მოქალაქეების შეფასებით, ობიექტების უმეტესობაში სანიტარული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურის გამართულობა არასახარბიელოა.

ადგილობრივთა თქმით, კაბინებში ხშირია დაბინძურება, მოუწესრიგებელი იატაკი და აუტანელი სუნი, რის გამოც ობიექტები დანიშნულებისამებრ გამოუსადეგარია.
„ტუალეტების კაბინებში ხშირად არის ფეკალიები, დაბინძურებული იატაკი და აუტანელი სუნი. ასეთ პირობებში საზოგადოებრივი ტუალეტი პრაქტიკულად ვეღარ ასრულებს თავის დანიშნულებას და ადამიანები იძულებული არიან, სხვა ადგილი მოძებნონ. პრობლემა ახალი არ არის და დასუფთავება სათანადო პერიოდულობით არ ხორციელდება. ტუალეტები ზოგჯერ კვირაში ერთხელაც არ იწმინდება, რაც არსებულ ანტისანიტარიას კიდევ უფრო ამძიმებს. პრობლემას ემატება დაზიანებული სანიტარული ინვენტარიც“, – ამბობს თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი ტუალეტების მოვლა მხოლოდ პერიოდული დასუფთავებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მათი შეფასებით, აუცილებელია ყოველდღიური მომსახურება, ტექნიკური გამართულობის კონტროლი და მუდმივი ზედამხედველობა.
ისინი საუბრობენ საზოგადოებრივი ტუალეტების არასათანადო გამოყენების შემთხვევებზეც. მათი ინფორმაციით, შიდა სივრცეს მარიხუანას მომხმარებლები იყენებენ. ადგილობრივები ყურადღებას ამახვილებენ დამახასიათებელ სუნსა და წყლით სავსე, გადაჭრილ პლასტმასის ბოთლებზე, რომლებიც ტუალეტების შიდა სივრცეში თითქმის ყველგან არის განთავსებული.
საზოგადოებრივი სივრცეების უსაფრთხოებისა და სანიტარული მდგომარეობის საკითხზე „აჭარა თაიმსთან“ კიდევ ერთი ადგილობრივი, ნატო ნოღაიდელიც საუბრობს. მისი შეფასებით, პრობლემის მოგვარება როგორც მუნიციპალიტეტის, ისე მოქალაქეების პასუხისმგებლობაა.
„საზოგადოებრივი ტუალეტები ქალაქის ცენტრალურ ადგილებში, წინასწარ შერჩეულ სივრცეებში უნდა განთავსდეს. მათ მოვლასა და ჰიგიენური ნორმების დაცვას მერიის შესაბამისი სამსახური და ბიუჯეტი უნდა უზრუნველყოფდეს. მოვლა-პატრონობისა და ზედამხედველობისთვის თანხები მუდმივად უნდა გამოიყოს, თუმცა აუცილებელია მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლებაც, რათა ყველამ დაიცვას როგორც საკუთარი, ისე სხვისი უფლებები და უსაფრთხოება. ხშირია შემთხვევები, როდესაც სანაპირო ზოლსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში გამოყენებული ერთჯერადი ინსულინის შპრიცები ღიად არის დაყრილი. ასევე არის მარიხუანის მოხმარების შემთხვევები საზოგადოებრივ ადგილებში. საზოგადოებრივი ტუალეტებით არასრულწლოვნებიც სარგებლობენ, ამიტომ აუცილებელია უსაფრთხო გარემოს შექმნა და მუდმივი მონიტორინგი“, – აცხადებს ადგილობრივი ნატო ნოღაიდელი.
საზოგადოებრივ ტუალეტებში წარსულში ვანდალიზმისა და ქურდობის ფაქტებიც დაფიქსირებულა. ერთ-ერთი შემთხვევის დროს ხელსაბანი ნიჟარები მოიპარეს. როგორც ირკვევა, მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად და პრევენციისთვის საზოგადოებრივი ტუალეტების გარე პერიმეტრზე ვიდეოსათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ არის.
ჩვენ მიერ შემოწმებულ ობიექტებს შორის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ქობულეთის მერიის შენობის უკან მდებარე საზოგადოებრივ ტუალეტში დაფიქსირდა. ადგილზე მძაფრი სუნი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დაგვხვდა. ხელსაბანის ქვეშ იატაკზე წყალი მუდმივად გუბდება, სანიტარული ინვენტარის ნაწილი კი მოძველებული და დაზიანებულია.
ტუალეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქობულეთის მერიის მთავარი შენობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები და ტურისტული ობიექტებია განთავსებული. აღნიშნული გარემოება პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს, რადგან უსიამოვნო სუნი და გაუმართავი ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ტუალეტის მომხმარებლებს, არამედ მიმდებარე კორპუსებში მცხოვრებლებსაც აწუხებთ.
საზოგადოებრივი ტუალეტის წინ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე მცხოვრები „აჭარა თაიმსთან“ ღიად საუბრობს იმაზე, რომ ზღვის ქარი ტუალეტიდან წამოსულ მძაფრ სუნს მათ აივნებამდეც ავრცელებს, რაც ყოველდღიურ დისკომფორტს უქმნით.
„მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი ტუალეტი ასეთ მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ სივრცეში არ უნდა იყოს განთავსებული და მუნიციპალიტეტმა მისი სხვა ადგილზე გადატანის შესაძლებლობა უნდა განიხილოს. ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად შეიძლება მერიის შენობის კუთვნილ შიდა საპარკინგე ტერიტორიაზე, ერთ კუთხეში, ადგილის გამოყოფაც. არსებული ტუალეტის შიდა სივრცეში წყალი ხშირად გუბდება, იატაკი მუდმივად სველია და წყლის გადინება სათანადოდ ვერ ხერხდება. პრობლემის ზუსტი მიზეზის დასადგენად ტექნიკური შემოწმებაა საჭირო, თუმცა ადგილზე არსებული მდგომარეობა მიუთითებს, რომ ობიექტს სარემონტო და ტექნიკური ჩარევა სჭირდება ან ახალი ტუალეტის აშენებაა საჭირო“, – ამბობენ მერიის შენობის გვერდით მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლები.
ჩვენ მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგისას საზოგადოებრივი ტუალეტების უმეტესობაში დამლაგებლები ვერ ვიპოვეთ.
„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს რეაბილიტაციისთვის თანხა გამოიყო, ჩემთვის უცნობია, რა ხარისხით შესრულდა სამუშაოები. ამასთან, პრობლემად რჩება პასუხისმგებელი სამსახურის საკითხიც. გაურკვეველია, კონკრეტულად ვის ევალება საზოგადოებრივი ტუალეტების მოვლა-შენახვა და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი. პრობლემას წარმოადგენს პასუხისმგებელი უწყების საკითხიც“, – აცხადებს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ზურაბ სეფერთელაძე.
როგორც გაირკვა, საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რომელ ა(ა)იპ-ს ან სამსახურს ექვემდებარება საზოგადოებრივი ტუალეტები და ვის ევალება მათი ყოველდღიური მოვლა-პატრონობა.
ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუნიციპალური საზოგადოებრივი ტუალეტების მოვლა-პატრონობას დროებით ქობულეთის გამწვანების სამსახური უზრუნველყოფს.
რატომ ვერ მოგვარდა ჰიგიენის ოთახების პრობლემა აქამდე და ვის ევალება მათი მოვლა-პატრონობა, როდის უნდა მოახდინოს ქობულეთის მერიამ ამ საკითხზე რეაგირება?
„საზოგადოებრივი ტუალეტების მდგომარეობასა და დასუფთავების გრაფიკთან დაკავშირებით ქობულეთის მერიას ინფორმაცია აქვს და საკითხი ჩვენთვის ცნობილია, ობიექტების დასუფთავება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებული სამსახური უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტუალეტების მოვლა-პატრონობას. ტურისტული სეზონის განმავლობაში ობიექტები დღეში მინიმუმ ორჯერ იწმინდება და ლაგდება. სეზონის დასრულების შემდეგ კი დასუფთავება დღეში ერთხელ ხორციელდება“, – აცხადებენ ქობულეთის მერიის პრესცენტრში.
ცნობისთვის, 2022 წელს ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქობულეთის მერიას საზოგადოებრივი ბიოტუალეტების მოწყობის სპეციალური საბიუჯეტო პროგრამა წარუდგინა. ინიციატივა ქალაქის ტერიტორიაზე 12 ბიოტუალეტის განთავსებას ითვალისწინებდა, თუმცა, პროექტს პრაქტიკული გაგრძელება არ მოჰყოლია.

