ბათუმში, გმირთა ხეივანში არსებული კომერციული ფართების მოიჯარეები აცხადებენ, რომ ობიექტების ექსპლუატაციაში შეყვანას ვერ ახერხებენ, რადგან შენობაში სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებია.
მათი თქმით, ყოველი წვიმის დროს ჭერიდან ინტენსიურად ჩადის წყალი, რაც მუშაობის დაწყებას შეუძლებელს ხდის. პრობლემის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც რემონტის დაწყება სცადეს.
მოიჯარეები „აჭარა თაიმსთან“ საუბარში აღნიშნავენ, რომ ფართები აუქციონის წესით აქვთ აღებული, თუმცა არსებული მდგომარეობა მძიმეა და დამატებით სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს.
როგორც ისინი ამბობენ, დაზიანება მონოლითურ კონსტრუქციაშიც ფიქსირდება და, სპეციალისტების შეფასებით, ხიდზე დაგებული ფილა სრულად შესაცვლელია.
მოიჯარეების განცხადებით, საიჯარო ვალდებულებები მათთვის იანვრიდან ამოქმედდა, თუმცა ამ დრომდე ვერ ახერხებენ ბიზნესის დაწყებას და უცნობია, როდის იქნება შესაძლებელი ობიექტების გახსნა.
მათი თქმით, არაერთხელ სცადეს მერიასთან დაკავშირება, ასევე, იმ კომპანიასთან, რომელმაც სამუშაოები შეასრულა, თუმცა პასუხად მხოლოდ დაპირებები მიიღეს.
„აუქციონზე ავიღეთ ეს კომერციული ფართები, მაგრამ შიგნით მძიმე მდგომარეობაა. წყალი ჩადის ბეტონში, მონოლითშიც კი. გვითხრეს, რომ ზედა ფენა სრულად არის შესაცვლელი. ვალდებულება გვაქვს, რომ 3 თვეში უნდა დავიწყოთ ფუნქციონირება, თუმცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. დღემდე ვერ გავიგეთ, ვინ უნდა მოაგვაროს პრობლემა. ამ პირობებში ბიზნესის დაწყება შეუძლებელია,“ – აცხადებს ერთ-ერთი მოიჯარე.
მოიჯარეები ასევე აღნიშნავენ, რომ მაღალი საიჯარო გადასახადის ფონზე, მათთვის გაუგებარია, რატომ არ ხდება ობიექტების დროული რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, გმირთა ხეივანში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა მძიმეა და მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის როგორც ვიზიტორებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ტერიტორიაზე დაზიანებულია ჰიგიენის ოთახები – დამტვრეულია შესასვლელი კარები, უნიტაზები და ნიჟარები. აღნიშნული სივრცეები აქამდეც არ ფუნქციონირებდა, თუმცა ახლა მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია.
ასევე, დაზიანებულია მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა – მაგიდები და სკამები, რაც ტერიტორიაზე დასვენებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
განსაკუთრებით საგანგაშოა ელექტროენერგიის სადენების ღია მდგომარეობაში არსებობა, რაც მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
გმირთა ხეივანში არ ფუნქციონირებს შადრევნები, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები და გარეგანათების სისტემა. დაზიანებულია სანაგვე ურნები და მწვანე ნარგავები.
პროექტი თავის დროზე ბათუმის მერიამ დაუმთავრებელი ჩაიბარა. უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე კი პასუხისმგებლობა დღემდე არავის დაკისრებია.
⇒ კორუფციის მზარდი ფაქტები აჭარაში და მათზე რეაგირების პრობლემა – რა დაადგინა მესამე სექტორის კვლევამ



