აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში მომხდარი სროლის ფაქტზე ორი პირი – თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, 1995 წელს დაბადებული ფ.ქ. და 1989 წელს დაბადებული ი.გ. – დააკავეს.
საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, დაკავებულები ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან პასუხისგებაში მიცემულნი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულებმა ავტომობილით გადაადგილებისას ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაზინოს მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლის შედეგად დაზიანდა კაზინოს შესასვლელი კარისა და ფასადის ნაწილი.
“დამნაშავეების იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, პოლიციელებმა ჩაატარეს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები. შედეგად, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „კოკაინი“, რომელიც ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით – 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება), 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა) და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა). დანაშაულები 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება გრძელდება, მათ შორის, დანაშაულში შესაძლო სხვა პირების ჩართულობის დასადგენად.



