ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, მერიის დაკვეთით მიმდინარე დემონტაჟის სამუშაოებისას დაშავდა მუშა. შემთხვევა №11-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისას მოხდა.
დაშავებული მუშა, რომელიც მერიის მიერ დაქირავებულ კომპანიაში იყო დასაქმებული, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სტაბილურია.
ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ დემონტაჟის პროცესის დაწყება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ეფუძნებოდა, რომლის თანახმად, შენობა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული.
„ზვიად გამსახურდიას ქუჩის №11-ში არსებული საცხოვრებელი სახლი სადემონტაჟო სამუშაოების პროცესში დაშავდა ერთ-ერთი მუშა, რომელიც დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნული შენობა შეფასდა როგორც ავარიული, რომლის ექსპლუატაციაც არსებული სახით იყო საფრთხისშემცველი. შესაბამისად, დაიწყო მისი დაუყოვნებლივი დემონტაჟი,“ — ნათქვამია მერიის პასუხში.
მერიაში ასევე განმარტავენ, რომ დემონტაჟამდე შენობის მაცხოვრებლები ქირით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს, ხოლო ტერიტორიაზე მდებარე კომერციული ობიექტები უსაფრთხოების მიზნით დროებით დაიხურა.
შემთხვევის კონკრეტული გარემოებები ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. ასევე, უცნობია, იყო თუ არა დაცული შრომის უსაფრთხოების სტანდარტები დემონტაჟის პროცესში.
ცნობისთვის: აღნიშნული ავაროული სახლის ნაწილი რამდენიმე თვის წინ, თოვლის შედეგად ჩამოინგრა.



