თურქული მედიასაშუალებების ცნობით, 2025 წლის 1 ივლისიდან საქართველომ დაიწყო ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) სავალდებულო გამოყენება იმ სატვირთო ავტომობილებისთვის, რომლებიც რუსეთის, აზერბაიჯანის ან სომხეთის საზღვრებიდან საქართველოში შემოდიან ტვირთით და შემდეგ ტრანზიტით სხვა ქვეყანაში გადაადგილდებიან.
მძღოლებმა თურქულ მედიასაშუალებებს განუცხადეს, რომ სისტემის დანერგვა მოხდა ისე, რომ სათანადო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის სრულად მზად, რაც სერიოზულ ტექნიკურ და საოპერაციო შეფერხებებს იწვევს.
მძღოლებმა სარფის საბაჟო პუნქტთან, თურქეთის მხრიდან, რამდენიმე დღის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ 4 ადგილობრივი საგარანტიო კომპანიაა უფლებამოსილი NCTS სისტემაში ოპერირებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მხოლოდ საკუთარ ოპერაციებზე იყენებს საგარანტიო რესურსს. დანარჩენების მხრიდან კი დაფიქსირდა მნიშვნელოვანი შეფერხებები, კერძოდ:
- განაცხადებზე პასუხები 10 დღეზე მეტ ხანს იგვიანებს;
- კომპანიები არ მუშაობენ სამუშაო საათების შემდეგ;
- არ მუშაობენ შაბათ-კვირას;
- ხშირ შემთხვევაში საერთოდ შეუძლებელია მათთან დაკავშირება;
შედეგად, რუსეთ-საქართველოსა და აზერბაიჯან-საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სატვირთო ავტომობილების მძღოლებს 10 დღემდე რიგში დგომა უწევთ.
ამ სიტუაციამ სერიოზულად იმოქმედა როგორც იმ ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებზე, რომლებიც იმპორტირებულ საქონელს ელოდებიან, ასევე ქართულ სატრანსპორტო კომპანიებზეც.
სანამ აღნიშნული ხარვეზები არ გამოსწორდება, საქართველოს გავლით ტრანზიტით გადაადგილებისას რეკომენდებულია:
- უკან დაბრუნების ტვირთებზე ტვირთის განთავსების ქვეყანაში TIR კარნეტის გაფორმება;
- ალტერნატიული მარშრუტების მოძიება და გამოყენება საქართველოს ნაცვლად, სადაც ეს შესაძლებელი იქნება;
მეზობელი ქვეყნის მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ პრობლემას აკვირდება თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო და საბაჟო საკითხების გენერალური დირექტორატი.



