თურქული მედიის ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო პუნქტზე ადამიანების და ავტომობილების გადაადგილება აქტიურია, თუმცა თურქეთის მხარეს ადგილობრივი ბიზნესი მომხმარებლების შემცირებას უჩივის.
თურქული გამოცემა „Gündem Artvin“ წერს, რომ საქართველოს მეზობელ სოფლებში, კერძოდ, ართვინის პროვინციაში, ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ადგილობრივი მოვაჭრეების თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თურქეთსა და საქართველოს შორის ფასების სხვაობაა.
მედიის ცნობით, საზღვრის გადამკვეთი მოქალაქეების დიდი ნაწილი სხვადასხვა მომსახურების მისაღებად საქართველოს მხარეს მიდის. შესაბამისად, თურქეთის მხარეს მდებარე მაღაზიებს, რესტორნებს, ტაქსის მძღოლებსა და სხვა მცირე ბიზნესებს მომხმარებლების მომხმარებლები შეუმცირდათ.
სარფში, თურქეთის მხარეს მომუშავე მიკროავტობუსის მძღოლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მათი შემოსავალი შემცირდა. მათი თქმით, განსაკუთრებით იგრძნობა მომხმარებლების კლება ტანსაცმლით ვაჭრობისა და სხვა სავაჭრო მიმართულებებში.
ადგილობრივი მეწარმეები ასევე საუბრობენ ხარჯების ზრდაზე. მათი თქმით, საწვავისა და სხვა ხარჯების მატების ფონზე, ბიზნესის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება. ტაქსის მძღოლების თქმით, ბევრი ადამიანი თურქეთის მხარეს არსებულ ფასებს ერიდება და საყიდლებლად საქართველოს მიმართულებით გადადის.
ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები შიშობენ, რომ თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, შესაძლოა, სარფში რამდენიმე სავაჭრო ობიექტმა მუშაობა შეწყვიტოს.
თურქული მედიის შეფასებით, სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, საზღვრის გადამკვეთი ადამიანების მიერ დახარჯული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთის ნაცვლად საქართველოს ეკონომიკაში რჩება.

