2026 წლის 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეკომპანიებს „იმედსა“ და „პოს ტვ“-ს სანქციები დაუწესა, რის შემდეგაც ამ მედიასაშუალებებს, სხვა შეზღუდვებთან ერთად, Meta-ს პლატფორმებზე კონტენტის რეკლამირების შესაძლებლობაც შეეზღუდათ.
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, დაწესებული შეზღუდვების საპასუხოდ ორივე ტელეკომპანია ცდილობს ფეისბუქზე ახალი გვერდების შექმნას და მათი მეშვეობით საკუთარი კონტენტის რეკლამირებას.
» რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქცია რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ „იმედს“ და „პოსტივის“?
გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოს ტვ“ მოხსენიებული იყვნენ როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართული ორგანიზაციები“. სანქციების მიზეზად დასახელდა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ „განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის“ გავრცელება. დაწესებული შეზღუდვები მოიცავს აქტივების გაყინვას, ტრასტის მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის შესაძლებლობას.
სანქციების შემდეგ ტელეკომპანიებს გარკვეული პრობლემებიც შეექმნათ. დასანქცირების მეორე დღეს „იმედის“ ვებგვერდები imedi.ge და imedinews.ge დროებით გაითიშა. ტელეკომპანიამ განმარტა, რომ მიზეზი სწორედ სანქციები იყო. მედიის ინფორმაციით, სანქციების შემდეგ არხში თანამშრომლების ხელფასების ნაწილი ნაღდი ფულით გაიცა. ასევე დაანონსდა საკუთარი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა სახელწოდებით „იმედის ბანკი“.
შეზღუდვები შეეხო სოციალური ქსელების გამოყენებასაც. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებით, 25 თებერვლიდან „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის ძირითად ფეისბუქგვერდებზე რეკლამების განთავსება შეწყდა. პლატფორმაზე მითითებულია, რომ ორგანიზაციებს რეკლამირების შესაძლებლობა Meta-ს სტანდარტების დარღვევის გამო შეეზღუდათ.
ბოლო წლების განმავლობაში ორივე ტელეკომპანია საქართველოში ფეისბუქზე რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი განმათავსებელი იყო. მხოლოდ 2026 წლის თებერვალში „იმედმა“ და „პოს ტვ“-მ დაახლოებით 38 ათასი დოლარის ღირებულების თითქმის ათასი რეკლამა განათავსეს. Meta-ს მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში ამ ორმა ტელეკომპანიამ რეკლამებისთვის ჯამში არანაკლებ 786 305 დოლარი დახარჯა.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, სანქციების შემდეგ „პოს ტვ“-მ ფეისბუქზე ორი ახალი გვერდი შექმნა – „POSTV – ამბები“ და „POSTV – Insight“. გვერდებმა რეკლამების განთავსების უფლება 4 მარტს მიიღეს და მომდევნო დღეებში პოლიტიკურ რეკლამებს აქვეყნებდნენ.
გვერდმა „POSTV – ამბები“ ფეისბუქზე 111 რეკლამა განათავსა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 493 დოლარი შეადგინა. რეკლამირებული პოსტების ნაწილი ანტიდასავლურ გზავნილებს შეიცავდა და დასავლეთს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებში დაინტერესებულ მხარედ წარმოაჩენდა. ასევე ვრცელდებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები უკრაინისა და დასავლეთის პოლიტიკის კრიტიკით.
» ამერიკამ რამდენიმე ქართველი დაასანქცირა
მეორე გვერდზე – „POSTV – Insight“ 23 რეკლამა გამოქვეყნდა, საერთო ღირებულებით 227 დოლარი. გვერდზე, ანტიდასავლურ გზავნილებთან ერთად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დისკრედიტაციის შემცველი პოსტებიც ვრცელდებოდა. კრიტიკული კამპანიების სამიზნე გახდნენ ნინო ლომჯარია და თინათინ ხიდაშელი. ამ დროისთვის „პოს ტვ“-ის აღნიშნული ახალი გვერდები აღარ იძებნება და მათი წაშლის მიზეზი უცნობია.
ანალოგიური ნაბიჯი გადადგა „იმედმაც“. 3 მარტს შეიქმნა ფეისბუქგვერდი „იმედის მხარდამჭერები“, რომელმაც რეკლამირების უფლება 5 მარტს მიიღო. იმავე დღეს გვერდზე დაასპონსორეს ვიდეო სახელწოდებით – „სანდრო გამსახურდიას „ციტატა“ – აგენტი თინა ხიდაშელი“.
ამავე სახელწოდებით – „იმედის მხარდამჭერები“ – 25 თებერვალს საჯარო რეესტრში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაც დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ნიკა კლდიაშვილია, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ სოციალური მედიის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
» „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – 22 დამოუკიდებელი ონლაინმედიის გაერთიანებული კამპანია



