მუნიციპალიტეტებს უძრავი ქონების მართვის სტრატეგია არ აქვთ და ხშირად ქონებას არაკონკურენტული წესით განკარგავენ – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს უძრავი ქონების ფორმირების, მართვისა და განკარგვის სფეროში ერთიანი სტრატეგია არ აქვთ, რაც ქონების ეფექტიან გამოყენებასა და ადგილობრივი შემოსავლების ზრდას აფერხებს.
აუდიტის მიხედვით, 2022-2023 წლებში და 2024 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მუნიციპალიტეტებმა იჯარით გასცეს 270 ერთეული უძრავი ქონება, საიდანაც წლიური შემოსავალი 1,077.3 ათას ლარს შეადგენს. ამავე პერიოდში განხორციელდა 150 ობიექტის პრივატიზება, საერთო ჯამში 6,632.1 ათასი ლარის ღირებულებით.
» სახელმწიფო აუდიტის სამსახური სებ-ის 2022-2023 წლების ხარჯვაში სისტემურ ხარვეზებს ავლენს
კვლევის ფარგლებში შეფასდა, თუ როგორ მართავენ და განკარგავენ მუნიციპალიტეტები საკუთარ ქონებას. აუდიტის დასკვნით, ქონების მართვის სტრატეგიის არარსებობის გამო მუნიციპალიტეტებში მკაფიოდ განსაზღვრული არ არის მიზნები, განვითარების მიმართულებები და მოსალოდნელი შედეგები. შედეგად, ქონების ფორმირების და განკარგვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად არ ეფუძნება სათანადო კვლევასა და ანალიზს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქონების ფორმირების პროცესი უმეტეს შემთხვევაში არასისტემურია და კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული. მუნიციპალიტეტებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია დასახლებების საჭიროებების, ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და სერვისების განვითარების მოთხოვნებზე.
აუდიტის თანახმად, ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული ნაბიჯებიც არასაკმარისია. მაგალითად, სახელმწიფოდან შემდგომი გასხვისების მიზნით მოთხოვნილი 104 ობიექტიდან 76 შემთხვევაში პროცესის ინიციატორი კერძო დაინტერესებული პირი იყო და არა მუნიციპალიტეტი.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტები ქონების განკარგვისას ხშირად იყენებენ ისეთ ფორმებს, რომლებიც კონკურენციას ზღუდავს. აუდირებულ პერიოდში ქონების 57% განკარგულია პირდაპირი წესით ან საჯარო აუქციონით, ხოლო ელექტრონული აუქციონი შედარებით ნაკლებად გამოიყენებოდა. პირდაპირი განკარგვის წესით გაიცა სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების დაახლოებით 80%, რაც კონკურენციის შეზღუდვას და დამატებითი შემოსავლების დაკარგვის რისკს ქმნის.
აუდიტის დასკვნით, პრობლემები გამოვლინდა ქონების შეფასების პროცესშიც. შეფასებული 286 ობიექტიდან 160-ზე მეტ შემთხვევაში აუდიტორულ დასკვნებში არ იყო მითითებული შესაბამისი ანალოგების მონაცემები, რის საფუძველზეც განისაზღვრა ქონების ღირებულება.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს არ გადაუხედავთ საიჯარო ქირის ოდენობა საბაზრო ფასების შესაბამისად. შედეგად, 304 შემთხვევაში ქონების ღირებულება არ განახლდა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ფასები გაიზარდა. აუდიტის ინფორმაციით, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, მიუღებელი საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს ჯამური თანხა 742.6 ათას ლარს შეადგენს.
კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული 16 მიწის ნაკვეთით, საერთო ფართობით 558.2 ათასი კვადრატული მეტრი, არაუფლებამოსილი პირები სარგებლობენ, რადგან ქონების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმები არ არსებობს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, უწყების შეფასებით, შესაძლებელი იქნება ქონების მართვის პროცესის გაუმჯობესება და ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების ზრდა.
- საფეხბურთო კლუბ ქობულეთის შუქურას საქმიანობით შესაძლოა აუდიტი დაინტერესდეს – მერის მოადგილე
- სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანობა დაბალია – აუდიტი
- ქობულეთში რესტორან გარშემო დავები გრძელდება – მფლობელი მერიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს



