საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2026 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 23.2%-ით შემცირდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აპრილ-ივნისში ქვეყანაში 468.8 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. საქსტატის განმარტებით, შემცირება ძირითადად რეინვესტიციის მაჩვენებლის კლებას უკავშირდება.
ინვესტიციების კომპონენტებიდან 210.5 მილიონი დოლარი სააქციო კაპიტალზე მოდიოდა, ხოლო 300.5 მილიონი დოლარი რეინვესტიციაზე. სავალო ვალდებულებების მაჩვენებელი კი უარყოფითი იყო და -42.2 მილიონი დოლარი შეადგინა.
2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩინეთიდან განხორციელდა, 219.5 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი ინვესტიციების 46.8%-ია.
მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო, 123.5 მილიონი დოლარით (26.3%), ხოლო მესამე ადგილზე არაბთა გაერთიანებული საამიროებია, 47.7 მილიონი დოლარით (10.2%).
შემდეგ მოდიან:
- მალტა – 47.3 მილიონი დოლარი;
- თურქეთი – 29.8 მილიონი დოლარი;
- ისრაელი – 25.6 მილიონი დოლარი;
- აზერბაიჯანი – 24.3 მილიონი დოლარი;
- გერმანია – 20.7 მილიონი დოლარი;
- რუსეთი – 17.6 მილიონი დოლარი;
- იაპონია – 13.3 მილიონი დოლარი;
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის, ჩინეთის, გაერთიანებული სამეფოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების, წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83.3% შეადგინა.
სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში განხორციელდა, 207.6 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი მოცულობის 44.3%-ია.
მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი, 119.9 მილიონი დოლარით (25.6%), ხოლო მესამე ადგილზე დამამუშავებელი მრეწველობაა, 59 მილიონი დოლარით (12.6%). ამ სამმა სექტორმა ჯამურად მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.4% მიიღო.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 281.3 მილიონი დოლარი იყო. შესაბამისად, პირველი ორი კვარტლის ჯამური მაჩვენებელი 750.1 მილიონ დოლარს შეადგენს.

